Tuesday, April 12, 2011

მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia), ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.

ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წტალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტების ქვესამეფოში.

მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქსესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).

ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჰრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.

No comments:

Post a Comment